სპორტული და ფიზიკური აქტივობა მანამდეც იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა 2014 წელს დავიწყე დარბაზის სივრცეში კონცენტრირებულად, რაღაც მიზანზე ორიენტირებული ვარჯიში. ამ ყველაფერს ადამიანების მხრიდან პოზიტიური უკუკავშირი და სხვადასხვა დარბაზისგან შემოთავაზებები მოჰყვა. თავდაპირველად სულ სხვა სფეროში ვსაქმიანობდი და აღნიშნულ შემოთავაზებებზე უარს ვამბობდი, თუმცა პანდემიის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის გაზიარება და ადამიანების ამ მიმართულებით მოტივაციის მიცემა შემეძლო. ამიტომ დავთანხმდი ერთ-ერთ სტუდიოს ჯგუფური ვარჯიშების ჩატარებაზე, მოგვიანებით კი ბაჩო წიკლაურისგან მივიღე შემოთავაზება, „12 რაუნდის“ გუნდს კი ვაკის ფილიალის გახსნის პირველივე დღიდან შემოვუერთდი.
რატომ „12 რაუნდი“?
„12 რაუნდი“ ჩემთვის არის ოჯახი, სითბო, სპორტი, ოფლი, შრომა, შედეგი, ურთიერთობები, პოზიტივი, მეგობრები – ანუ ყველაფერი ის, რასაც ადამიანები ეძებენ იდეალური სამსახურის ცნებაში. იგივეა ჩემთვის ჩემი მეორე/პირველი სამსახური „რესპუბლიკა“, სხვანაირად მე არ შემიძლია. რატომ „12 რაუნდი“? იმიტომ, რომ სხვა არჩევანს ეს სივრცე არ გიტოვებს. ეს სივრცე ყველა საშუალებას მაძლევს იმისთვის, რომ ჩავატარო ხარისხიანი ჯგუფური ვარჯიშები და ჩემი ვარჯიშებიც იდეალურად დავგეგმო. სუბიექტურობისგან დაცლილი ვიტყვი, რომ აქ ყველა ორიენტირებულია ხარისხზე, მომხმარებლის რეალურ კმაყოფილებაზე, ამასთანავე, ჯგუფებზე სოციუმები იქმნება და ეს არ არის მხოლოდ ის სივრცე, სადაც მოდიხარ, ვარჯიშობ და მიდიხარ – აქ უფრო მეტი „ვაიბია“.