წლების წინ ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდებოდა ამჟამინდელისგან. პროფესიით იურისტი ვარ, სისხლის სამართლის მაგისტრი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი, 100%-იანი გრანტის მფლობელი და პირველ ინსტანციაში სისხლის სამართლის კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე 3 წლის მანძილზე. დღესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის იურისტი ვარ. 13 წლის წინ, სტრესისგან გასათავისუფლებლად, პირველად მივედი სპორტდარბაზში – სრულიად სხვა სამყაროში, სადაც არაფერი არ ვიცოდი. ძალიან ჯიუტი და შრომისმოყვარე ვარ და სწორედ ამ თვისებებმა მომიყვანა იმ გამოუცდელი, მოვარჯიშე გოგოდან საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონობამდე ბოდიბილდინგში. სპორტმა უფრო პრინციპული, მიზანმიმართული და დისციპლინირებული გამხადა. ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი სხვებსაც ეგრძნოთ, მეკეთებინა ის საქმე, სადაც ადამიანების ცხოვრებას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მიმართულებით, უკეთესობისკენ შევცვლიდი.
რატომ „12 რაუნდი“?
აქ მომუშავე თითოეული ადამიანი სპორტზეა შეყვარებული, აქ არცერთი კადრი არ მუშაობს მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის. როგორც ჩვენი კლუბის თითოეული მომხმარებელი აღნიშნავს, ჩვენთან მხოლოდ სავარჯიშოდ არ დადიან. რთული სამუშაო დღის ბოლოს მათ აქვთ ადგილი, სადაც ელოდებიან როგორც ოჯახის წევრს და სადაც, სტანდარტული მომსახურების მიღმა, მიიღებენ დამატებით მეგობრულ ურთიერთობებს, გაერთობიან და კავშირებს დაამყარებენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან. ჩვენ ფიზიკურს მიღმა, ფსიქოლოგიურადაც ვცვლით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ.